საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ისტორია
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ისტორია სათავეს მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში იღებს. 1875-1878 წლებში მოქმედი „ოლღას საბებიო სკოლა“ საფუძველს უყრის იმ სამედიცინო საგანმანათლებლო ტრადიციას, რომელსაც კოლეჯი დღესაც აგრძელებს.
XX საუკუნის 40-იან წლებში „ოლღას საბებიო სკოლის“ ბაზაზე შეიქმნა „მეორე სამედიცინო სასწავლებელი“, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა ჯანდაცვის დარგის კვალიფიციურ კადრებს და კიდევ უფრო ამყარებდა დაწესებულების როლს ქვეყნის სამედიცინო სისტემისთვის პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებაში.
2011 წელს ისტორიული განვითარების ლოგიკური გაგრძელების სახით სასწავლებელმა მიიღო თანამედროვე იდენტობა და ჩამოყალიბდა როგორც შპს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა.
კოლეჯის მამოძრავებელი იდეა დღემდე დასაქმებაზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის პროფესიული საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდებაა. ჩვენი კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით მუშაობს საქართველოს წამყვან სამედიცინო თუ სხვადასხვა პროფილურ დაწესებულებებში, რაც ნათლად აჩვენებს საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ მიმართულებასა და მათი შინაარსის შესაბამისობას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
დასაქმების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კოლეჯის ფართო და მყარი პარტნიორული ქსელია. დარგის 30-ზე მეტ ბიზნესკომპანიასთან გაფორმებულია თანამშრომლობის ხელშეკრულებები. გრძელვადიანი თანამშრომლობა, პასუხისმგებლიანი მიდგომა და შედეგზე ორიენტირებული სწავლება საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტაბილური, სანდო და კვალიფიციური პარტნიორის რეპუტაციას უყალიბებს, როგორც საგანმანათლებლო სივრცისთვის, ასევე დამსაქმებლებისათვის.
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა თავადაც აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განათლების განვითარებაში. კოლეჯი არის სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი/თანაავტორი.
2013 წლიდან კოლეჯი პანაცეა არის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის (სკკა) დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, რითაც აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის განვითარებასა და პოლიტიკის ფორმირებაში.
2014 წლიდან კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის პარტნიორ კოლეჯებთან. აღნიშნული კავშირები უზრუნველყოფს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც კიდევ უფრო ამაღლებს სასწავლო პროცესის ხარისხს და აკავშირებს კოლეჯს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.
2020 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა – გახდა მრავალპროფილური კოლეჯი და აქტიურად დაიწყო შრომის ბაზარზე მოთხოვნადი და ქვეყნისთვის სტრატეგიული პროფესიული პროგრამების დანერგვა.
დღეს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა არის ისტორიულ ტრადიციებზე დაფუძნებული, თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მთავარი პრიორიტეტად რჩება სტუდენტის წარმატება – ხარისხიანი განათლება, ძლიერი პრაქტიკული კომპონენტი და რეალური დასაქმების პერსპექტივა.
